აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.
ბრძანებაში, რომელიც დირექტორმა ცოტა ხნის წინ გამოსცა, წერია, რომ ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის უფროს გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა და მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
,,სამუშაო დროის პერიოდში, როდესაც ოთახში იმყოფებოდა გიორგი აბაზაძე და იწყებდა დღის გეგმის დაწერას, თ. ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. ის ახდენდა ზეწოლად ფსიქოლოგიურად და აიძულებდა გ.აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია”, – წერია ბრძანებაში.
დირექტორის გადაწყვეტილებით, თეონა ბაკურიძეს 9 მარტიდან ,,დროებით ეკრძალება შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“.
,,დირექტორმა ბრძანებით გამათავისუფლა სამსახურიდან. “დროებით” – მანამ ვიდრე მოკვლევას დავასრულებო. როგორც იურისტები მეუბნებიან არ ჰქონდა ამის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ კანონები გიორგი კოხრეიძეს არ აინტერესებს..”,- წერს თეონა ბაკურიძე სოციალურ ქსელში.
დღეს დილით ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ცუდად გახდა და ტელევიზიაში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. გიორგი აბაზაძე ბათუმის მედცენტრში გადაიყვანეს.