ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებისა და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს.
უწყების ცნობით, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
“შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, რის შემდეგაც მთელი ღამის განმავლობაში, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტყის მასივში დარჩა 30 მეხანძრე-მაშველი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა და დილიდან განაახლა ფრენა. საერთო ჯამში მათ 28 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 56 ტონა წყალი დაასხეს.
ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 3 ჰექტარზე არსებული წიწვოვანი ტყის მასივი”-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.