მთელი საფრანგეთის მაშტაბით ათასობით ფრანგი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე ქვეყანაში ანტისემიტიზმის ტალღის გავრცელების წინააღმდეგ. პარიზსა და საფრანგეთის სხვა 60 ქალაქში, მათ შორის მარსელში, ბორდოში და ნანტში ხალხი ქუჩაში ლოზუნგით “კმარა!“ გამოვიდა.
მათ მემარჯცხენე და მემარჯვენე პარტიების პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი.საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა 50–ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ, პროფკავშირებმა და ასოციაციებმა.
რას აპროტესტებენ ფრანგები?
დემონსტრაციების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთში ებრაულ სასაფლაოზე საფლავები შეურაცხყვეს. ეს შემთხვევა ქვეყანაში ბოლო თვეებში დარეგისტრირებულ ანტისემიტურ გამოვლინებებს შორის ერთ–ერთია. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში: უცნობმა პირებმა ფრანგი პოლიტიკოსის, სიმონა ვეილის პორტრეტზე, რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა სვასტიკა მიახატეს; საფუნთუშეს ვიტრინაზე, რომელიც ებრაელებს ეკუთვნის წითელი საღებავით გერმანულად დაწერეს სიტყვა “ებრაელი“; მოჭრეს ხე, რომელიც ანტისემიტური ბანდის მიერ ნაწამები ახალგაზრდა ებრაელი ბიჭის ხსოვნის პატივსაცემად იყო დარგული.
სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი საფრანგეთის აღმოსავლეთით ებრაელების სასაფლაოზე მივიდა, სადაც ნაცისტური სიმბოლოკით 100 საფლავი იყო შეურაცხყოფილი.
“ვინც ეს გააკეთა, არ არის ღირსი რომ საფრანგეთის მოქალაქე იყოს და ისინი დაისჯებიან“– განაცხადა პრეზიდენტმა.
საფრანგეთის ებრაული თემი ევროპაში ყველაზე დიდია – მინიმუმ 550 ათასი ადამიანი. ოფიციალური სტატისტიკით ანტისემიტური თავდასხმების და ინციდენტების შემთხვევები 74%–ით გაიზარდა. 2017 წელს ასეთი შემთხვევების რიცხვი 311 იყო, 2018 წელს კი 541.
სამშაბათს საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა ჟურნალ L’Express–ს განუცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება კანონმდებლობაში ცვილილებების შესაძლებლობას განიხილავს სოციალურ ქსელებში სიძულვილის გამოვლინებებთან უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით. ინტერვიუში მან აღიარა, რომ ანტისემიტიზმმა ფრანგულ საზოგადოებაში ღრმად გაიდგა ფესვი.