14 დეკემბრისთვის ქართული ოცნების მიერ თბილისში დაგეგმილ აქციას ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ოცნების საარჩევნო კამპანიის დასაწყისად თვლის და ამბობს, რომ ოცნებას თბილისში რეგიონებიდან საჯარო მოხელეები იძულებით ჩამოყავს:
“ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით საქართველოს მოუწია ინგლისური ანბანის რიგის მიხედვით. შემდეგი გერმანია იქნება. ანგელა მერკელს თავში მოუვა, რომ ეს საკუთარ წარმატებად გაასაღოს და დიდი ზეიმი მოაწყოს ქალაქის ქუჩებში? არა, რა თქმა უნდა.
რასაც ივანიშვილი და ”ქართული ოცნება” 14 დეკემბერს აწყობს, არა მხოლოდ უგუნორობის და პროვინციული პოლიტიკანობის ზეიმია, არამედ სხვა მიზნებსაც ემსახურება. ეს არის ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება და საზოგადოებაში იმის ილუზიის შექმნა, თითქოს ხალხი კვლავ უჭერდეს მხარს ხელისუფლებას. ეს არის ასევე თავისებური ”კუნთების თამაში”, ძალის დემონსტრირება, ეს არის პროვოკაცია, საპროტესტო აქციებისათვის ე.წ. ”კონტრაქციის” მოწყობა.
ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა მხოლოდ საბაბად არის გამოყენებული.
ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სიების შედგენა და სოფელ-სოფელ ხალხის შეგროვება, რათა იძულებით ჩამოიყავანონ ისინი თბილისში. ფაქტობრივად, ხდება იგივე მექანიზმების გამოყენება, რასაც აკეთებდნენ არჩევნების დროს.
რეგიონებიდან ათეულ ათასობით დაშინებული საჯარო მოხელის იძულებით ჩამოყვანაში ( ტრანსპორტირება, კვება და ა. შ. ) დაიხარჯება რამდენიმე მილიონი ლარი ”ქართული ოცნების” შავი სალაროდან.
ყოველივე ეს ცუდად შემოუბრუნდება ივანიშვილს და მის პარტიას. არსებობს ამისი წარსული არაერთი მაგალითი. შეურაცხყოფილი ადამიანები საკადრის პასუხს იძლევიან ხოლმე.“– ამბობს რომან გოცირიძე.