“ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად”-ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
„გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთელი დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად. ვითარების დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში და მე მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე. მე მაქვს ჩემ კოლეგებთან კომუნიკაცია, ისინიც არიან ინფორმირებული. ამ სიტუაციაში აუცილებელია განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენი მხრიდან ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი“, – განაცხადა ზალკალიანმა.