აუცილებლად ვიმსჯელებთ, შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე – შსს ხორავას ქუჩის საქმეზე

მოზარდების მკვლელობის საქმეზე  სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ შსს-ში  განცხადება გაკეთდა. ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტრო განახორციელებს გადაწყვეტილების აღწერილობისა და შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.

„აუცილებლად ჩატარდება სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების ირგვლივ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად ვიმსჯელებთ, შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე ამ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში. კონკრეტული პირების და სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, მანამ სანამ არ გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა  ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. განაჩენის მიხედვით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთ  მსჯავრდებულს გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. გ.ბ-ს მიმართ კვალიფიკაციის ნაწილი უცვლელი დარჩა, თუმცა მას სასჯელი დაუმძიმდა და 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.