“აუტანელ ტკივილს განვიცდი“– მადონამ კონცერტები გააუქმა

ამერიკელმა პოპ მომღერალმა მადონამ უარი თქვა სამ კონცერტზე, რომლებიც საგასტროლო ტურნეს – Madame X–ის ფარგლებში იყო დაგეგმილი. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

61 წლის მომღერალს სამი კონცეტი ბოსტონში უნდა გაემართა 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მომღერალმა ინსტაგრამში დაწერა:

“პატიებას გთხოვთ მოვლენათა ამ მოულოდნელი განვითარების გამო. სცენაზე გამოსვლას ჩემთვის უამრავი სიხარული მოაქვს, კონცერტების გაუქმება კი ჩემთვის სასჯელია, თუმცა ტკივილი, რომელსაც ახლა ვგრძნობ აუტანელია. მჭირდება დასვენება და ექიმების მითითებების შესრულება, რომ გამოვჯანმრთელდე და გამოსვლები გავაგრძელო“– წერს მომღერალი.

ის არ აკონკრეტებს, რა ტიპის ტკივილები აწუხებს, თუმცა ცოტა ხნის წინ სან ფრანცისკოში ფანატებს უთხრა, რომ ძალიან ტკივა მუხლი გაწყვეტილი მყესის გამო.

ბოსტონში, ვანგის თეატრში დაგეგმილი კონცერტები საერთოდ გაუქმდა და მათი სხვა თარიღებით ჩანაცვლება არ მომხდარა.
მადონას პრომოუტერების განცხადებით ამის მიზეზი მომღერლის დატვირთული გრაფიკია. მაყურებელი გაყიდული ბილეთების გამო ფულად კომპენსაციას მიიღებს.

მადონამ ბოსტონის კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ როგორც წესი, ყინულის აბაზანებს იღებს ექიმის რეკომენდაციით მას შემდეგ, რაც ლოს ანჯელესში მისი გამოსვლა ტრავმით დასრულდა.

მომღერალმა ოქტომბერში ტრავმის მომიზეზებით ნიუ იორკის კონცერტიც გააუქმა.

მადონა როგორც წესი კონცერტების გაუქმებას ძალიან ერიდება. 37 წლიანი კარიერის განმავლობაში მან სულ რამდენიმე კონცერტი გააუქმა.