9 წლის ბავშვი, რომელსაც აუტიზმის სპექტრის სინდრომი აქვს და რომელსაც, მამა ქამრით სცემდა, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.
როგორც არასამთავრობოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 9 წლის ბავშვი, რომელსაც აუტიზმის სპექტრის სინდრომი აქვს, პერიოდულად სახლიდან გარბის. იგი ვერ ლაპარაკობს. მოწმეები მიუთითებენ, რომ მამა ღიზიანდებოდა პეტრეს დიაგნოზით გამოწვეულ ქცევებზე და ქამრით ცემდა. მამა კრძალავდა პეტრეს ჩართვას თერაპიულ კურსებში და ბავშვის დიაგნოზის გამო დედას ადანაშაულებდა. ამასთან, მამაკაცი ბავშვს აუტიზმის დიაგნოზის გამო სასტიკად სჯიდა.
გამოძიებამ, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტზე 2018 წლის სექტემბერში დაიწყო, გამოავლინა რომ ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო დედაც და პეტრეს დებიც, რომელთა თანდასწრებითაც მამა ცემით და საგნების სროლით უსწორდებოდა მეუღლეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს. პროკურატურამ ძალადობის მსხვერპლად ცნო დედა და ორი შვილი, მაგრამ უარი თქვა პეტრესთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.
“პროკურატურისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა არც ის ფაქტი, რომ პეტრე ქამრის დანახვაზე უმძიმეს ემოციურ რეაქციას გამოხატავდა და ყველა საშუალებით გაურბოდა მოძალადესთან ერთ სივრცეში დარჩენას. პროკურატურამ არ გაითვალისწინა არც ფსიქოლოგის დასკვნა, რომელშიც ბავშვები აღწერენ პეტრეს მიმართ განხორციელებულ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას” – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა, რომელმაც არ გაიზიარა საჩივარი და უცვლელად დატოვა პროკურის დადგენილება აუტიზმის მქონე ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატის საჩივარი.
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შემაშფოთებელ პრეცედენტს ქვეყანაში. ორგანიზაციის შეფასებით დისკრიმინაციული მოტივით მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის უგულებელყოფა ჯერ საქართველოს პროკურატურის შემდეგ კი სასამართლო სისტემის მხრიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს არა მხოლოდ ერთი ბავშვის კონსტიტუციურ უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან. არამედ, წაახალისებს დაუსჯელობას ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ქვეყანაში. 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის მიმართ აშკარა მტკიცებულებებით დადასტურებული ფიზიკური ძალადობის დაუსჯელი დატოვება ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით.
ორგანიზაცია გააგრძელებს 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის დაცვას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, რათა პირველ რიგში აღდგეს მისი დარღვეული უფლება და ამავდროულად ხელი შეეწყოს ქვეყანაში სამართლიანი და ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას” – ნათქვამია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებაში.