12 მარტს საღამოს საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. იქ იმყოფებოდა პრაქტიკულად მთელი ხელისუფლება პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის ჩათვლით. რუსეთაველის თეატრში მივიდა ბიძინა ივანიშვილიც. ელოდებოდნენ პრეზიდენტსაც, თუმცა სალომე ზურაბიშვილი საღამოზე არ მივიდა.
მედია პრეზიდენტის არყოფნის მიზეზით დაინტერესდა.
„საქართველოს პრეზიდენტი ამ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა. გათვალისწინებული იყო მისი საქმიანი კალენდრის მიხედვით, თუმცა, ბოლო მომენტში ის გახდა შეუძლოდ. გასვლის წინ გახდა შეუძლოდ და იმის გამო, რომ მას აქვს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, მან შემდეგ უკვე თავი შეიკავა რუსთაველის თეატრში წასვლისგან,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
თუმცა რუსთავი2 –ის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის მიღებაზე არ მისვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში“ შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვა. გაბუნიას ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მისულიყო და პრეზიდენტის სტუმრობაც ამის გამო გაუქმდა. წამყვანის ინფორმაციით ივანიშვილს არ სურს სადაც თვითონ არის იქ სალომე ზურაბიშვილიც იხილოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პროტოკოლის სრული დაცვით იყო მიწვეული და ბოლო წუთამდე დადასტურებული ქონდა მისვლა, თუმცა მისი ვიზიტი ბოლო წუთებში გაუქმდა. პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, როგორც ეს პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა.