“ავალ დავით გარეჯში, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება“-მეუფე იაკობი

„ამ დღეებში მე ჩამოვალ და მე ავალ, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება,“ – ეს განცხადება, ქორეპისკოპოსმა იაკობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

მეუფე იაკობი ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის მშენებლობის დაწყებას და ქართველი მესაზღვრეების მიერ სადავო ძეგლებთან მისასვლელი ბილიკების გადაკეტვას ეხმაურება.

მეუფე ამბობს, რომ თავად ჩავა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში და იმედოვნებს, რომ მას გადაადგილების უფლებას არ შეუზღუდავენ.

„წყნარად უნდა ჩავიდეთ, ცივილიზებული ადამიანები ვართ. ხომ იცით, როგორ არის, როგორი ტერიტორიაა, ალიევიც აღიარებს, რომ ჩვენი ტერიტორიაა,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამას გარდა, მეუფე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ ეს ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდება.

„სახელმწიფო მოქმედებს და ჩვენ ვენდობით, რომ სახელმწიფო არ გაყიდის ჩვენს ურთიერთობას. მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ და ცივილიზებულს დაველოდოთ, თუ არადა, ჩვენ დამთმობი არ ვართ არაფრის.

დავით გარეჯის მონასტრებში მისასვლელი ბილიკები ბლოკირებულია. ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გზა მესამე დღეა, რაც გაჰყავთ. ტექნიკა მთაზე მიწას ჭრის და შეუჩერებლად მუშაობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს გზა აღდგომის ტაძრამდე მივიდეს.