საშვილიშვილი ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის,- ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულის ცოლმა ნატა ქიტესაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„თაზოს ფოტოები ვნახე და…მოვკვდი… საშვილიშვილი ცოდვა დაადებინს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.
თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!
ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…
ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.
ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს…
არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!“ – წერს ნატა ქიტესაშვილი.
შეგახსენებთ, გუდაურში 28 წლის ახალგაზრდა 2 დღის წინ მოკლეს. როგორც მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება ახალ გუდაურში, გამთენიისას, ერთ-ერთ ბარში დაიწყო, ამის შემდეგ უკვე ბარის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, რა დროსაც გასროლა მოხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.