საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრები, საერთო კრების გადაწყვეტილებით, მინისტრ თურნავას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.
მფრინავები ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც 15 წლის წინაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანმდებობას იკავებდა, ყველა ავიატორი მოატყუა იმის თაობაზე, რომ საქართველოს აეროპორტი გატანილი იქნებოდა პრივატიზაციაზე და ავიატორები ამ პროცესში აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა აქციები ისე გადაეცა ინვესტორებს, რომ ავიატორებისთვის და მფრინავებისთვის კომპენსაციაც კი არ მიუციათ.
ავიატორებმა აეროპორტის დასახლებაში დღეს აქცია გამართეს. მათი განცხადებით გარდა იმისა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მეთხუთმეტე წელია, ყოველწლიურად 400 მილიონს კარგავს, ადამიანებს რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვთ ქვეყნის ავიაციის მშენებლობაში, დღეს მათი პრობლემები აღარავის ადარდებს. მათ სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული და ბევრი მათგანი მხოლოდ ვეტერანების 22 ლარიან კომპენსაციაზე ცხოვრობს.
დღევანდელ აქციაზე ვეტერანმა მფრინავებმა და ავიატორებმა, იმ ახალ გარემოებებზე ისაუბრეს, რომლითაც ახალი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. მოპოვებული საბუთები კი, მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის თავმჯდომარეს, ვლადიმერ სააკიანს გადასცეს და დახმარება სთხოვეს.
ვლადიმერ სააკიანის განცხადებით, პირველადი ინფორმაცია მიღებულია, ორშაბითან კი დაიწყებენ ინტენსიურ მუშაობას და რეაგირება დასკვნის მიხედვით იქნება.
დავით ჭიჭინაძის განცხადებით „ნათია თურნავას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს პრივატიზაციების საქმეებში, ორივე მხრიდან, როგორც მაპრივატიზებელს და როგორც პრივატიზაციის გამკეთებელს და ამიტომაც ჰყავს თანამდებობეზე და მოწილედ ყველა დროის ხელისუფლებას.“ მისივე თქმით, უპირობოდ განაგრძობს ვეტერანების მხარდაჭერას.