”ავიატორი პლუსის” დირექტორის მოადგილე უარყოფს, რომ კატასტროფის დროს ვერტმფრენი სატესტო ფრენას ახორციელებდა

ყაზბეგში ვერტმფრენის კატასტროფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია “ავიატორ პლუსში” პასუხობენ. კომპანიის დირექტორის მოადგილის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ სასტუმრო “რუმსის” თანამშრომელი ბორტზე წონის ბალანსისთვის იმყოფებოდა.

კომპანია ”ავიატორი პლუსის” დირექტორის მოადგილე, გიორგი მოლოდინაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ კატასტროფის დროს ვერტმფრენი სატესტო ფრენას ახორციელებდა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვერტმფრენს მაღალტექნოლოგიური ძრავი ეყენა, გავლილი ჰქონდა ტექდათვალიერება და სრულად შეესაბამებოდა ექსპლუატაციის წესებს.

მისი თქმით, საფრენ აპარატს მართავდა მაღალკვალიფიციური მფრინავი, რომელსაც გადამზადების კურსები ჰქონდა გავლილი. მოკვლევის პროცესში რამდენიმე დღეში ვერტმფრენის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

„იყო ინფორმაცია, რომ მესამე ადამიანი, სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა ბორტზე, ის არ უნდა ყოფილიყო ბორტზე და ის იყო წონის დაბალანსების გამო ამ ბორტზე. პირველ რიგში, მინდა ვთქვა ერთმნიშვნელოვნად, რომ ბორტზე იყო ის ადამიანი თავისი სურვილით და პილოტის თანხმობით, ცხადია. ამ ბორტით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი. ვერტმფრენმა გაიარა 2019 წლის 22 მაისს შემოწმება. ამ შემოწმების შემდეგ, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, შესრულდა სატესტო ფრენა, სადაც დაიშვება მხოლოდ პილოტი და ინჟინრები და მხოლოდ ამ წარმატებული სატესტო ფრენის შემდეგ უკვე ვერტმფრენი დაშვებული იქნა კომერციულ ფრენებზე. არანაირი პირველადი მოკვლევა არ ჩატარებულა. მიმდინარეობს მოკვლევა ახლა, მოკვლევას აქვს თავისი პროცედურები და მისი დასრულების შემდეგ მოგახსენებთ კონკრეტული შედეგის შესახებ,“ – განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილმა.

ტრაგედია ყაზბეგში ორი დღის წინ მოხდა. ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც სამი ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან პილოტი, გიდი და სასტუმრო „რუმსის” თანამშრომელი.