ავთანდილ წერეთელი პროკურატურას საზღვრის კვეთის უფლებას სთხოვს

„TV პირველის“ მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროკურატურას საზღვრის კვეთის უფლებას სთხოვს.

როგორც მისი უფლებადამცველი  კახა წერეთელი აცხადებს, მის დაცვის ქვეშ მყოფს 21 თებერვალს გამოკვლევები ავსტრიაში აქვს  ჩანიშნული და შესაბამისი მოწვევა წარუდგინეს უწყებას.

„მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამკურნალოდ უნდა დატოვოს საქართველო. გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდება“, – ამბობს ავთანდილ წერეთელის ადვოკატი.

ცნობისთვის, „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამის  ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  6 თებერვალს გაუარესდა და ის საავადმყოფოში  გადაიყვანეს. 

გამოძიება ავთო წერეთელს  „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.