ავთანდილ წერეთლის ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან დიდი სტრესის შედეგია- ექიმი

კლინიკა ჰელსიკორის ექიმის თქმით, ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია , თუმცა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო. მისი თქმით, პაციენტს გამოკვლევები უტარდება, რათა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი დადგინდეს.

ექიმის ამბობს, რომ წერეთლის ამჟამინდელი მდგომარეობა , როგორც ჩანს, ძალიან დიდი სტრესის შედეგია.

,,კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა დაბალი წნევა, ჩატარდა პირველადი ანალიზები, კორონაროგრაფია, იყო გარკვეული ცვლილებები გულზე მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენდირებისგან. მიმდინარეობს შემდგომი დაკვირვება პაციენტზე, რჩება კლინიკაში. როგორც ჩანს ეს არის ძალიან დიდი სტრესის შედეგი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და ვაკვირდებით მის ჯანმრთელობას”- განაცხადა ექიმმა.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში 6 თებერვალს , საღამოს გადაიყვანეს. მისი შვილის, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის თქმით, მამამისი სააბაზანოში გულწასული იპოვა.

ის მამამისის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ეს შედეგი სასამართლოში მისი ყოველდღიური ტარების გამო დადგა. ,,მას ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს”,- თქვა ვატო წერეთელმა.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, ,,რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება”. ვატო წერეთლის განცხადებით, ავთანდილ წერეთელზე სამართლებრივი დევნის მოტივი ტვ პირველის გაჩერებაა.