ავტობუსის მძღოლობის მსურველი ქალები, რომლებმაც გადამზადება გაიარეს ვერ საქმდებიან

ავტობუსის მძღოლობის მსურველი ქალები შესაბამისი გადამზადების გავლის მიუხედავად,  ვაკანსიების არარსებობის გამო, ვერ საქმდებიან. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ რომ მათ დასასაქმებლად შესაბამისი ვაკანსიები ამ ეტაპზე არ მოიძებნება.

„სწავლება ამ პროგრამის ფარგლებში 25-მა ქალმა გაიარა. აქედან 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა აღებული და დარჩენილი 4 ქალიც აპირებს მართვის მოწმობა აიღოს. ამ 21 ქალიდან დაკომპლექტდა სამი ჯგუფი, რომლებიც გადიან ორკვირიან პრაქტიკულ სწავლებას. ეცნობიან არსებულ მარშრუტებს, კომპანიის შიდა სამზარეულოს. გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ თუ სატრანსპორტო კომპანიაში ვაკანსიები იქნება და ეს ქალებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ეტაპობრივად მოხდება მათი დასაქმება. ამ ეტაპზე კომპანიაში ვაკანსია არ გვაქვს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, ავტომატურად გაჩნდება ახალი ვაკანსიები, რაც ასე არ არის. ახალი ავტობუსები ანაცვლებს ძველ ტრანსპორტს, შესაბამისად, ისევ ძველი მძღოლები დასაქმდებიან“, – ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 1400-მდე მძღოლია დასაქმებული, აქედან ქალი მხოლოდ 2 მათგანია.