აზარტულ ონლაინ თამაშებში 14-დან 18 წლამდე მოზარდების თითქმის ნახევარია ჩართული- ეს შედეგი “აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრმა” ჩატარებული კვლევის შემდეგ განაცხადა. კვლევის ფარგლებში, თბილისში, 500 მოსწავლე გამოიკითხა.
კვლევის თანახმად, გოგონები და ბიჭები აზარტულ ონლაინ თამაშებში ერთნაირად არიან ჩართული.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები ამბობენ, რომ არსებული კანონის და რეგულაციების აღსრულება არ ხდება.
„ფიზიკურად ვერ ახერხებენ მოზარდები უშუალოდ სამორინეში სიარულს იქედან გამომდინარე, რომ კანონით აკრძალულია 21 წლამდე მოზარდების სამორინეში მისვლა, თუმცა კანონი იმასაც კრძალავს, რომ 18 წლამდე მოზარდებს არ უნდა ჰქონდეთ შეხება ონლაინ სამორინეებთან, თუმცა არ ხდება კანონის აღსრულება. პრევენციული ზომები, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას მოზარდებში, უნდა გაგრძელდეს ცალსახად. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტენდენცია არის ზრდადი,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”აზარტული თამაშების კვლევის პრევენციის ცენტრის” წარმომადგენელი გუგა ბესელია.