ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მისი პარტიის წევრების მიერ 20 ივნისის ღამეს და შემდეგ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს და განსხვავებულ პოზიციებს ეხმაურება:
“მსურს გამოვეხმაურო ოთო კახიძის მოსაზრებებს 20 ივნისის ღამის შესახებ, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა.
ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.
1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე.
2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა.
3. რა თქმა უნდა მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას.
4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად.
5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია.
რაც შეეხება ბატონ მელიას,
მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება.
მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთოს პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო. ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე ივანიშვილის უადვილებს პროპაგანდას.
ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია.
ჩვენი საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს. ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში.“– წერს ბოკერია.
ამ განცხადებას წინ უძღვოდა გიგი უგულავას განცხადება, რომელმაც თანაპარტიელს, ოთარ კახიძეს უპასუხა. ოთარ კახიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის ღამეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება:
“შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ არის საჭირო ნახევარი სიმართლით ილაპარაკო. თვალი დახუჭო პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რომელიც მოხდა და მოხდა არაერთხელ 20-21 ივნისს. არ გჭირდება თვალი დახუჭო და ენა ვერ მოიბრუნო იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე, რომლებმაც სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს და პირიქით, საშიშად გამოიყენეს შეკრებილი ხალხის ემოცია.
დიახ, აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი და ამას არ სჭირდება უკლებლივ ყველა დემონსტრანტის ჩართვა კრიმინალურ ქმედებებში. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 10 საათიდან 12 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს;
– პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო. ნიკა მელიას გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თითქოს შოკისმომგვრელი სიმშვიდე ჩანს, ჯერ ერთი, არ ფარავს იმ პერიმეტრს, სადაც ზუსტად ამ დროს პოლიციასთან შეტაკება გრძელდება და მეორე, არ ცვლის იმ როლს, რომელიც ნიკა მელიამ ამ აქციაზე მანამდე ითამაშა.
არცერთი მნიშვნელობის და სიმძიმის ბრძოლაში არ არის ზედმეტი დარჩე ადეკვატური და სამართლიანი.“– თქვა ვერძეულმა.
ოთარ კახიძემ ვერძეულის პოზიციას “ობიექტურობის” საბურველში შენიღბული სახელისუფლო პროპაგანდის მესიჯბოქსი უწოდა:
“სოფო ვერძეული აანალიზებს 20 ივნისის ღამეს და “მიუკერძოებელი დამკვირვებლის” სტატუსით სიმართლედ გვასაღებს მთავარ სახელისუფლო ჰედლაინს, რომ “აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი”.
სინამდვილეში აქცია იყო მრავალათასიანი, ხოლო პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა დაახლოებით ასამდე (შეიძლება ოდნავ მეტი) მომიტინგე. მხატვრის სახლთან და გამზირზე მდგომ ადამიანებს არათუ ძალადობრივი განზრახვა არ ჰქონიათ, არამედ არც კი იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ზემოთ. არ ისმოდა რუპორის ხმა, არ იყო დამონტაჟებული მიკროფონი, ეკრანი და დინამიკები.
თუ დავიჯერებთ, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, მაშინ ხელისუფლებას მართლაც ჰქონია ლეგიტიმური უფლება, დაეშალა მომიტინგეები. მაშინ გახარიას გადადგომის მოთხოვნა (რომელსაც “ობიექტურობისთვის” აყენებს სტატუსის ავტორი) კიდევ უფრო სადაო ხდება.
სინამდვილეში, რეალობა არის შემდეგი:
1. ხელისუფლებას უნდა გაეცნობიერებინა სპონტანური პროტესტის სიმძაფრე და უნდა გადაეყენებინა თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე;
2. შსს-ს არ უნდა გამოეყვანა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის რკინის ღობის გარეთ და ამით არ უნდა მოეხდინა მომიტინგეებთან ფიზიკური შეხების პროვოცირება;
3. ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე;
4. ხელისუფლებას არ უნდა დაერღვია პირობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების შესახებ და ცრემლსადენი გაზი არ უნდა ესროლათ მიტინგის უკანა რიგებში, საიდანაც არავითარი ძალადობრივი საფრთხე არ მოდიოდა;
5. პოლიციას არ უნდა დაეწყო მიტინგის დაშლა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გაფრთხილების გარეშე;
6. პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ისეთი ტყვიები, რომლებიც აღწევს სხეულში და იწვევს ადამიანის დასახიჩრებას;
7. პოლიციას არ უნდა ესროლა რეზინის ტყვიები თავის არეში, თვალებში და ახლო მანძილიდან;“ – დაწერა კახიძემ.
გიგი უგულავამ კი საკუთარ თანაპარტიელს უპასუახა, რომ ახლა კინკლაობის და ხელის გაშვერის დრო არ იყო. იგულისხმება ნიკა მელიას ბრალეულობაზე საუბარი:
სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა
“9 აპრილის დარბევამდე ყველაზე დიდი ოვაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების მოწოდებას მოყვა. “აბა რა, ეგრე რა, მაგის გარეშე როგორ შეიძლება”- ისმის ხმები ფოფხაძის პარალელურად. 9 აპრილის შემდეგაც პირველი ოფიციალური ხაზი იყო ეროვნული მოძრაობისთვის, მათი ლიდერებისთვის, გადაბრალება. ამ მიმართულებით დისკუსიების გადატანა. აქედან დაწყებული ეგ ნაცადი ხერხი გახდა. პროტესტის მოტივისგან დამოუკიდებლად, მუდმივად იყო რუსთაველის პერიპეტიების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები (ზოგჯერ ლეგიტიმური საფუძვლებითაც), მაგრამ არასდროს არაფერი გამოვიდა. რუსთაველზე დარბევაზე და მის მიზეზებზე საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება. პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა” – წერდა გიგი უგულავა.