ბაადურ რაფავამ საქართველო დატოვა -შსს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მოქალაქემ, რომელმაც ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას თქმით, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ფარული ჩანაწერი გაავრცელა, ქვეყანა დატოვა. ბაადურ რაფავამ საქართველოს საზღვარი 17 მაისს გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაადურ რაფავა, რომელმაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია დანელიას საუბარი ფარულად ჩაწერა გაუჩინარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. 

სკანდალური ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, რაფავა სახლიდან ძალოვანებმა წაიყვანეს და აიძულებდნენ ერთ-ერთი სატელევიზიო არხის კამერის წინ ეთქვა, რომ ვიდეომასალა გაყალბებულია.

ასეთი ჩანაწერი ღამით გაკეთდა, ამის შემდეგ კი რაფავას კვალი იკარგება.

საქმე ეხება “რუსთავი 2”-ის ეთერში გასაჯაროებულ ფარულ ვიდეომასალას, სადაც ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 პროცენტზე მეტი და ამ მიზნის მისაღწევად, „ოცნების“ ლიდერებს შეუძლიათ დაატერორონ, გაიტაცონ და ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე.