ბაჩანა შენგელია შალვა თადუმაძეს მიმართავს

დღეს, ბაჩანა შენგელია პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა. როგორც ია კერზაიას შვილმა განაცხადა შალვა თადუმაძისგან ითხოვს, რომ  გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც მას   უარი ეთქვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

“შევიტანე საჩივარი გენერალური პროკურორის სახელზე, ვინაიდან საქმის პროკურორმა უარი მითხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. ეს იყო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო უარი. მოვითხოვ, ამ უარის გაუქმებას და შალვა თადუმაძის მხრიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას, რაც მე მომცემს საშუალებას გავეცნო საქმის მასალებს, ვისარგებლო მხარის უფლებამოსილებებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს გამოძიების პროცესს და ამაზე უარი ჩემი მხრიდან განხილული იქნება, როგორც გამოძიების გაჭიანურების მცდელობა,” – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს  განცხადება გააკეთა, სადაც ის მიზეზები განმარტა რის გამოც ია კერზაიას ოჯახს დაზარალებულის სტატუსზე უარი ეთქვა. განცხადებაში ნათქვამია,რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.