ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდებოდა. სამეთვალყურეო საბჭო არაფერს არ არჩევს. ვინც იყვნენ აღმასრულებელი პირები, შეარჩიეს ის აქტივები და ვალდებულებები, რომელიც შეიძლებოდა შეეძინათ. ეს შეისწავლა შესაბამისმა აუდიტორულმა კომპანიამ და რაც არ იყო სტანდარტის შესაბამისი, ის არ შეიძინეს, – ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებრივი მოძრაობა“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებას, რომ „თიბისი ბანკმა“ „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 % შეიძინა.

„როგორც 2008 წლის ტრანზაქციით დაინტერესდნენ და ასე გამალებით სწავლობდნენ, შეიძლება იყოს უამრავი ტრანზაქცია, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს, რომლის მიმართაც ასეთი ინტერესი არ არის გამოჩენილი. აქ საუბარია შერჩევით გამჭვირვალობაზე, შერჩევით უსამართლობაზე. არაფერი არ შეძენილა ისეთი, რაც შეიძლება ეჭვის საფუძველი ყოფილიყო. აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც შევიძინეთ, არც ერთი არ ბადებს ეჭვის რაიმე ნიშანწყალს. ამიტომაც ისინი შევიძინეთ. რაც შეეხება დანარჩენს, კომერციულ ორგანიზაციას არ ევალება ესა თუ ის ტრანზაქცია სამართლებრივად შეაფასოს. სამართლებრივი შეფასება ევალება სხვა უწყებებს“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.