ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს.განცხადების მიხედვით, თიბისი ბანკის დამფუძნებელი დეპუტატ  გია ვოლსკისგან მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას ითხოვს და სასამართლოს მიმართავს.

„ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ბრძოლის დანახვა იოლად შეიძლება სხვადასხვა სამთავრობო პირების საჯარო გამოსვლებში და მათ ქმედებათა ჯაჭვში, რომელიც ერთ წელზე მეტია, გრძელდება. ფაქტია, რომ პროკურატურას მიღებული აქვს ჩვენზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაგვიწესდა ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტარულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ „ფაქტებს“ ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ.

ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ „ფაქტებს“ იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო, გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ.

ვინ იქნება შემდეგი, დრო გვიჩვენებს“, – აღნიშნულია  ბადრი ჯაფარიძის განცხადებაში.