დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათში გარდაცვლილი ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა.
მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, ოჯახს ყოველთვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, მათ შორის, საარსებო შემწეობა – 680 ლარის ოდენობით, ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად, იღებდნენ სოციალურ პაკეტს – თითოეული მათგანი 140 ლარის ოდენობით. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოჯახის ერთი წევრს, ასაკით პენსიონერს, სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა.
წოწკოლაურის განცხადებით, მათ ოჯახი 2019 წლის ოქტომბერში გადაამოწმეს და სოციალური დახმარება შეუჩერეს, თუმცა დეკემბერში ისევ აღუდგინეს და განაცდური გადასცეს.
,,2019 წლის ოქტომბრის თვეში, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოხდა ოჯახის გადამოწმება, გამომომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა მათი ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში აღმოიფხვრა აღნიშნული ხარვეზი და მათ მიიღეს სამივე თვის განაცდური ერთიანად. 2020 წლის იანვრის თვეში მათ დაერიცხათ ის შემწეობა, რომელიც ეკუთვნოდათ” – ამბობს წოწკოლაური.
შეგახსენებთ, რომ გუშინ , ბაღდათში, ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის, 4 ბავშვი იყო.