ბაღების უხარისხო საკვებით მომარაგებისთვის მერიამ “ნილს” ხელშეკრულება შეუწყვიტა

“საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო”-დედაქალაქის მერიამ ბაღების მომმარაგებელ კომპანია “ნილს” ხელშეკრულება შეუწყვიტა. 

თბილისის მერის ილია ელოშვილის განმარტებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში “ნილი” ბაღებისთვის საკვების მიწოდებას ხშირად დაგვიანებით ახორციელებდა, ადგილი ჰქონდა უხარისხო პროდუქციის მიწოდებასაც. 

ახალი ტენდერის გამოცხადებას მერია ზაფხულამდე არ გეგმავს.  მანამდე კი იმისთვის, რომ ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდება არ შეფერხდეს  და შესყიდვებს ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია „ნილს“ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. პარასკევს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი გვაქვს. უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვებს საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ. საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ, ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება, ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. საუბარია დარჩენილ ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება. შესაბამისად, ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა  ელოშვილმა.