ბაგრატიონთა დავა-დავით ბაგრატიონის ადვოკატის თქმით ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა

არსებობის 16 საუკუნის განმავლობაში ბაგრატოვანთა დინასტიის შიდა საგვარეულო დავა პირველად განიხილება სასამართლოში. სასამართლოში ნაცვლად ნივთმტკიცებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა ახლა მატიანეს ფურცლებს აანალიზებენ და ცდილობენ გაარკვიონ ვის ეკუთვნის სამეფო ტახტი.

სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დღეს ისტორიკოსებისგან ბაგრატოვნათა დინასტიის წარმომავლობის შესახებ შემონახულ ცნობებს ისმენდა. დღევანდელ პროცესზე ისტორიკოსის სტატუსით დაიკითხნენ გიორგი ოთხმეზური და გიორგი ბიჭიკაშვილი.

გიორგი ოთხმეზურმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი მოსაზრება და სასამართლოს განუცხადა, რომ საქართველოს მონარქიული მმართველობის შემთხვევაში სამეფო ოჯახი სწორედ ბაგრატიონ-გრუზინსკები იქნებოდნენ. იმავეს ამტკიცებს ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი. მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს დღეს ამის დასტურად ისტორიული დოკუმენტები წარუდგინეს.

როგორც ცნობილია, დედოფალი ანა ბაგრატიონი ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის მათი სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენებისთვის უჩივის.

დავით ბაგრატიონის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გასარკვევი არ არის, ისტორიული წყაროების მიხედვით, ვის ეკუთვნის სამეფო გვარის მემკვიდრეობა. თუმცა, ადვოკატის თქმით, რაზეც სასამართლო რეალურად დავობს, მარტივი საქმეა.

„მთელი დღე სასამართლომ დაკარგა დრო იმაში, რომ გაერკვია, ვინ არის საქართველოს მეფე. შეგახსენებთ, საქართველო არის რესპუბლიკა და საქართველო ოფიციალურად არ აღიარებს არისტოკრატიულ ტიტულებს. სასამართლო არის შესული ჩიხში და დაადგა იმ გზას, რომელიც მისი საქმე არ არის, კერძოდ, ისტორიულ კვლევა ძიებას. არადა, საქმე არის ძალიან მარტივი – ერთი ფიზიკური პირი მეორე ფიზიკურ პირს ედავება, რომ შენ ჩემი სახელით უნებართვოდ ისარგებლეო. კეთილი ინებოს და დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ, როდის, სად, რა ვითარებაში გამოიყენა ჩემმა მარწმუნებელმა მათი სახელი. მათი სახელი კანონის საფუძველზე არის სახელი და გვარი,“ – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

მისივე თქმით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა.

„ქრონიკის“ კითხვაზე, რა შედეგით დასრულდა საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დე-ენ-ემ კვლევა, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩაუტარდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ კვლევის შედეგების მიხედვით გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი. “ახლა წავიდნენ და სადაც უნდათ იქ მიჩივლონ”, – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.

მომდევნო სხდომა 11 აპრილს ჩაინიშნა.