“მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ახალ სკოლებს ავაშენებთ”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რაჭაში, სოფელ გოგოლათში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა რაჭველებს მიმართა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, რეგიონში მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად ხორციელდება.
„მე მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ულამაზესი კუთხის მიმართ და ძალიან მიხარია, რომ ის პროექტები, რომელიც შარშან დავიწყეთ მიმდინარეობს წარმატებით. მე ვიყავი ორივე მუნიციპალიტეტში: ონში და ამბროლაურში. ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას და იმ მოსახლეობას, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი მამა-პაპისეული სახლები შესაძლებლობები შევუქმნათ, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ულამაზეს კუთხეში. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დასრულდა, რომელიც მოიცავს წყლის პრობლების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება მიმდინარე წელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაჭა შემოუერთდა ჩვენს ეროვნულ იდეას და ეს არის განათლება. ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ“,-განაცხადა ბახტაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.