“600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას არანაირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან”, -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში დასმულ მწვავე შეკითხვებს უპასუხა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის შეკითხვა არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის სესხების დაფარვას ეხებოდა, რომელიც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა.
მამუკა ბახტაძემ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი უარყო და მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
„არანაირი კავშირი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამას არ აქვს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში“ იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ამ პროგრამაზე გაცილებით ადრე განვაცხადეთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.