ბახტაძეს ევროსაბჭოში 17 მაისის აქციაზე ჰკითხეს

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას,  მამუკა ბახტაძეს შეკითხვები დაუსვეს. ერთ-ერთი შეკითხვა სექსუალური უმცირესობის უფლებებს ეხებოდა.

კითხვის ავტორმა შეახსენა პრემიერს 2018 წლის 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქცია, რომლის ჩაშლის მიზეზი  მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფებისგან მუქარა გახდა.პოლიციამ კი  ვერ უზრუნველყო აქციის მონაწილეების   უსაფრთხოება. ბახტაძეს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ლგბტქ თემმა  წელს თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი  უფლების – გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, უსაფრთხოდ შეძლონ.

“როგორც მოგეხსენებათ, 7 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. რაც შეეხება იმ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომელიც თქვენ ახსენეთ – ეს არის მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ყველა ქვეყენაში არსებობენ. დარწმუნებულნი იყავით, რომ საქართველოში ადამიანთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად მაღალი სტანდარტითაა დაცული.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, ჩვენ ვამაყობთ იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც ევროპელი მეგობრებისგან ვიღებთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ გავაძლიერებთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ჩემს უმთავრეს არგუმენტს – კანონმდებლობას. ჩვენ გადავდგით დიდი ნაბიჯები ამ მიმართულებით და თუ კიდევ არსებობს მიმართულებები, სადაც ჩვენი კანონმდებლობა უნდა გაძლიერდეს – ჩვენ, ცხადია, ამის პოლიტიკური ნება გვექნება. ჩვენი კანონმდებლობის უკანასკნელი ცვლილებები მყარი გარანტიაა იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული,” – უპასუხა ბახტაძემ.