ბახტრიონზე, დაკეტილ ბინაში გაზქურის ონკანი მოშვებული ჰქონდათ დატოვებული-ყაზტრანსგაზი

კომპანია ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

კომპანიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი სახლის მე-15 სართულზე გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

“სწრაფი რეაგირების ჯგუფის ადგილზე მისვლისთანავე, უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა. შემოწმდა ჭები, სავენტილაციო არხები, სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორია. კომპანიის სპეციალისტებმა სპეციალური, მეთანის საძიებო ლაზერული აპარატით შემოწმებისას, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი კონცენტრაცია დაადგინეს.

ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით ბინაში შესვლისას, კომპანიის სპეციალისტებს გაზქურის ონკანი ღია მდგომარეობაში დახვდათ. ამ დროისთვის კორპუსში საფრთხე მოხსნილია და გაზმომარაგება სრულად აღდგენილი.

კომპანია მადლობას უხდის სწრაფი რეაგირების სპეციალისტებს დროული მოქმედებისთვის და საფრთხის განეიტრალებისთვის. მადლობა, ასევე, მოქალაქეს, რომელმაც დროულად დარეკა ცხელ ხაზზე და საეჭვო სუნის შესახებ შეგვატყობინა. სწორედ ამ ქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

გაფრთხილებთ – არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის ონკანები და დანადგარები. სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ მათი მდგომარეობა. ნუ ჩაუვლით გულგრილად ადგილს, სადაც გაზის სუნი იგრძნობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების უსაფრთხოებაზე” – აცხადებს ყაზტრანსგაზი.