ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში „თიბისი ბანკის“ ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული. უგულავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, მის გარშემო შავი ღრუბლები გროვდება და უკვე გასკდა კიდეც. „ივანიშვილს რაც აქვს ჩაფიქრებული ხაზარაძესთან მიმართებაში, აუცილებლად გააკეთებს. ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ტალახში აგორაოს, აგორავებს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ დაიჭიროს, დაიჭერს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ანაკლია აახიოს, აახევს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ თიბისი ბანკი აახიოს, აახევს. ანუ ხაზარაძის მოქმედებაზე არაა დამოკიდებული ივანიშვილი რას იზამს მის მიმართ“ – ამბობს გიგი უგულავა. მისივე განცხადებით, საზოგადოება ღირსია იცოდეს, რას ედავება მას ივანიშვილი და როდის გაირბინა შავმა კატამ.