კატალონიური „ბარსელონას“ და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. ამის შესახებ მან “Twitter”-ზე დაწერა.
„ჩვენი ქალიშვილი ქსანა ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მადლობას ვუხდით ყველას ამ თვეების განმავლობაში გამოჩენილი სიყვარულისთვის და ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებისთვის. მადლობას ვუხდით საავადმყოფოების პერსონალს მათ მიერ გამოჩენილი მზრუნველობისთვის. მადლობა ექიმებს, მედდებსა და ყველა მოხალისეს. ქსანა, მოგვენატრები. ყოველთვის გვემახსოვრები და იმედს ვიტოვებთ, რომ ისევ შევხვდებით“, – დაწერა ლუის ენრიკემ.
ლუის ენრიკემ შვილის ავადმყოფობის შესახებ 25 მარტს გაიგო. მაშინ ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მალტას წინააღმდეგ გასვლითი მატჩისთვის ემზადებოდა. შვილის დიაგნოზის გაგების შემდეგ ენრიკემ ნაკრების სამი მატჩი გამოტოვა, ივნისში კი პოსტი დატოვა. ესპანურმა მედიამ მწვრთნელის გადადგომის მიზეზები იცოდა, თუმცა არც ერთ მედიასაშუალებას ოჯახის ნებართვის გარეშე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.