ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ , გუშინ გამთენიისას, საავადმყოფოში გადაყვანილი რამდენიმე ახალგაზრდიდან ერთი გარდაიცვალა.
კლინიკა მედცენტრში გადაყვანილი 4 პაციენტიდან,2 ახალგაზრდა კაცი და 2 გოგო იყო. ისინი სტაციონარში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მათგან ერთ-ერთი 22 წლის ბიჭი კი გარდაიცვალა.
ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
უგონო მდგომარეობაში იყო ორი გოგონა, თუმცა მედცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ისინი ბინაზე გაწერეს.
“TV 25”-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, გვიან ღამით, კი შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამ კლუბში პირველი არ არის.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.