ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს

მორიგი ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.  ბათუმის საკრებულოში ინციდენტის შედეგად “ნაციონალური მოძრაობის” წევრს როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს. დეპუტატის დაშავების შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაშავებული საკრებულოს წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა. დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ატარაძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა განმარტება, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს როგორც პროზაიკოსს იცნობს. ​​

ფიზიკური დაპირისპირება კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”” წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.