ბათუმის “შერატონში”, კაზინოში მყოფმა პირმა 112-ში დარეკა და ასაფეთქებლის არსებობის შესახებ შეატყობინა. აზერბაიჯანის მოქალაქე ასაფეთქებელ ნივთიერებაზე ცრუ შეტყობინებისთვის დააკავეს.
შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ს. დააკავეს.
დაკავებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს „112“-ში დარეკა, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა.
სასტუმრო “შერატონში” გამოცხადდნენ სამართალდამცველები და გამნაღმველები. განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია და ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო,თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა კაზინოში არ აღმოჩნდა.
გამოძიება ცრუ შეტყობინების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.