ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ. დღეს, მიქელაძეების 14 წევრიანი ოჯახის გამოსახლებაა ჩანიშნული. მევახშე უძრავი ქონების დათმობას ითხოვს. ამბობს, რომ ოჯახმა საცხოვრებელი სახლი უნდა დაცალოს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მიქელაძეების თქმით, დაახლოებით სამი წლის წინ, 37 ათასი დოლარი აიღეს, რომლის დროულად დაბრუნება ვერ შეძლეს. დღეს ისინი მევახშეს გაორმაგებულ თანხას სთავაზობენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ის პირობებს არ თანხმდება და 85 ათას დოლარს ითხოვს.
”ამხელა ფულს ვერ გადავუხდით, ფიზიკურად არ გვაქვს. მევახშეს 50 000 დოლარს გადავუხდით. იქნებ მთავრობა რამეში დაგვეხმაროს, ან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს, ან ბანკთან შუამდგომლობა გაგვიწიონ” -განუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯაბა მიქელაძემ.
მაუწყებლის ცნობით,ადგილზე უფლებადამცველებიც იმყოფებიან.
”თუ ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს, მსგავსი პრობლემის წინაშე ოჯახები კვლავ დადგებიან. ამ ხალხს დახმარება სჭირდება” – აცხადებს უფლებადამცველი.
გამოსახლება ერთი წლის წინაც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ გადაიდო. ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ადგილზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.