“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ჯელალ ქიქავა, ბათუმის მერის კაბინეტთან პროტესტს აგრძელებს.
ქიქავა მერიის სამსახურების, აიპებში დასაქმებულთა სიებს ითხოვს. მისი განცხადებით, საკრებულოებისა და ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებს საკუთარი ნათესავები ჰყავთ დასაქმებული.
ქიქავას თქმით, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი პატარიძეა.
“დეპუტატ პატარიძის, იგივე “ტერენტიჩის” მამა ბოლო ერთი წელია მაღალ თანამდებობას იკავებს ბათუმის წყალში. აიპებში არის ნეპოტიზმი, სწორედ ამიტომ არ გვაწვდიან სიებს. საკრებულოს სხდომაზე რომ განაცხადეს, გადავეცითო, სიცრუეა, მხოლოდ ავტოტრასპორტიდან მოვიდა სია, ისიც თანამდებობრივი. სანამ სიებს არ მოგვცემენ, აქ ვიქნებით და მერს კაბინეტში არ შევუშვებთ”, – განაცხადა ქიქავამ.
ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს უპასუხა ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი პატარიძემ.
“საამაყო მამა მყავს, ის დიახ მუშაობს ბათუმის წყალში. ერთ-ერთი მოწინავე თანამშრომელია. 8 თვეა რაც სანიაღვრე განყოფილებაშია დასაქმებული. აიპებში ოპოზიციის ახლობლები და მათი ოჯახის წევრებიც მუშაობენ. ჩვენ მათზე დევნა არ დაგვიწყია. ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, ყველა იქ თავისი დამსახურებით არის, მათ შორის მამაჩემიც. ბრიფინგი ვინც ჩაატარა ეს ადამიანი შეურაცხადია, ის აჭარის სირცხვილია”, – განაცხადა პატარიძემ.
შეგახსენებთ, 12 აპრილს ბათუმის საკრებულოში ნეპოტიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებს დაპირისპირება მოჰყვა.
“ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.