ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზის ტერიტორიის ნაწილზე სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვნეს.ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით გაითხარა 4 სამაროვანი, 150-მდე ადამიანის ნეშტი კი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. სტალინური სიებით დახვრეტილ ადამიანებს შორის არიან, მოქალაქეები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეპარქია ვრცელ სიას აქვეყნებს ფეისბუქ-გვერდზე. მათივე ცნობით მასალები პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის „სრულიად არა საიდუმლოდ“ ფურცლებზე 1997–99 წლებში. 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს 21 აპრილს, 15 საათზე პატივით დაკრძალავენ.
„თუკი არ არსებობს კრიმინალისტიკური და არქეოლოგიური ექსპერტიზა, ძნელი სათქმელია, ვის კრძალავს ეკლესია პატივითა და ღვთისმსახურებით – 1920-1950-იან წლებში საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლთ აჭარიდან (მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ მუსლიმი იყო) თუ ოსმალეთის და მუსტაფა ქემალის არმიის ასკერებს“- წერს ირაკლი ხვადიგიანი.