ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილს ეწვია. ლევილის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრეზიდენტს ლევილში, დაბა ლევილის მერმა, ერიკ ბრეივმა უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვია, ბავშვობის წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან ამაღელვებელია ლევილში საქართველოს პრეზიდენტის რანგში სტუმრობა.
“ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ლევილის ისტორიული მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ სახელმწიფო სახსრებით 1922 წელს შეიძინა. საქართველოს კი, იგი 2016 წელს გადმოეცა.
სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.
ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას “ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.
დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის IFRI წარმომადგენლებთან. საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე საჯარო ლექციას, “საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“, საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo წაიკითხავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ასევე იუნესკოში, პარიზში შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის საჭიროებასა და მექანიზმებზე ისაუბრებს.
ვიზიტის პირველ დღეს კი უკვე ეწვია წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას, სადაც შვილებთან ერთად წირვას დაესწრო. ზურაბიშვილს შვილები თან ახლდნენ ლევილის მამულში სტუმრობისასაც.