ბელარუსში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბელარუსის ქალაქ, მინსკში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანების წინააღმდეგ აქცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას ასობით ადამიანი იღებს. ცნობა იმის შესახებ, რომ მოხდება ბელარუსის და რუსეთის მთავრობების ინტეგრაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მილიციას დემონსტრანტებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა ონლაინ-მედიების ცნობით, იყო შეტაკებების. 

საპროტესტო აქციები მინსკში მიმდინარეობს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ხვდება. შეხვედრის ერთი საკითხი რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციაა, მათ შორის „საგზაო რუკები“, რომლებიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა დაამტკიცონ.

კონკრეტულად რაში გამოიხატება გაერთიანება, ოფიციალური პირები განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ. რუსეთში ბელარუსის ელჩის, ვლადიმირ სიამაშკას ცნობით, საუბარია ორ ქვეყანას შორის ე.წ. ზესახელმწიფოებრივი პარლამენტის და მთავრობის შექმნაზე.