{{ARTICLEIMAGE}}ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვისთვის 27 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.
დაკავებული წარმოშობით ქართველი, ბელგიის მოქალაქეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.
ანტვერპენში ბანკ „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის“ ფილიალის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს. ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან.
ძარცვა ადგილობრივი დროით 2-ის ნახევარზე მოხდა. ბანკში სიგნალიზაციის ხმა დაკეტილი საცავიდან გაისმა. სანამ ბანკის წარმომადგენლებმა საცავი გახსნეს დაახლოებით 20-30 სადეპოზიტო ყუთი უკვე მოპარული იყო და მძარცველები იქ უკვე აღარ იყვნენ.














