ბექა კვიციანმა სასამართლოზე სკანდალი მოაწყო (ვიდეო)

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. ბექა კვიციანმა დღეს სასამართლო დარბაზში დებოში მოაწყო. ის აგინებდა მოსამართლეს და საკუთარ ადვოკატსაც.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება ითხოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი, შოთა მანელიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არამართებული იყო და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

საქმის პროკურორის თქმით არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მიიმალა და 3 დღის შემდეგ დააკავეს. გარდა ამისა,არსებობს მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, რაც ასევე დასაბუთებულია, რადგან არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი. მოწმეებთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს ზემოქმედება. პროკურორის კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ ბექა კვიციანმა შესაძლოა დანაშაულებრივი საქმიანობა გაარძელოს.
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.