ბერძენიშვილი ცდილობს, პოლიტიკურ ზედაპირზე ფართხალით ყურადღება მიიქციოს – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი დავით ბერძენიშვილის სკანდალურ განცხადებას.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები ადასტურებს, რომ ბევრი სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, თავდაყირა დგება.
გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ბერძენიშვილი ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ეს კომენტარები მას პოლიტიკურ ველზე დარჩენაში ეხმარება.
“როდესაც იგი დააკავეს, მერე თავზე ნაცარი წაიყარა და შემდეგ უცებ გაუშვეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად ეს ერთი თემაა და მეორე თემაა მისი შეტევაში მონაწილეობის მიღება პარლამენტში შესაჭრელად და მისი განცხადებები, რომ პარლამენტი არ არსებობს და ძალაუფლება ხელში უნდა აიღონ. ეს ორი სხვადასხვა საკითხია და ამ ორ საკითხს შორის არის კიდევ უშველებელი ტირადები, რომელიც ოქრუაშვილმა, როგორც საკუთარი თავისთვის ზარალის მისაყენებლად თუ სხვა რაიმე მიზეზით მთელ საზოგადოებას მოასმენინა.
დავით ბერძენიშვილმა, რასაკვირველია, გადაწყვიტა, რომ რაღაც პოლიტიკურ ზედაპირზე ფართხალით ყურადღება მიიქციოს და ეს ალოგიკური განცხადებები მას ნამდვილად ეხმარება ამაში,” – აცხადებს გია ვოლსკი.