საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მიმდინარეობით და ამავე შეხვედრაში მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით ეკა ბესელია კმაყოფილია. იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ “ქართულ ოცნებაში” გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდში “კონსესუსის შანსი” დაინახა.
ივანიშვილი კარგად უძღვებოდა და კარგ მედიაციას უწევდა სხდომას – კითხვები გუნდიდან გარიცხვის, წასვლა-მოსვლის საკითხზე არ დასმულა და საუბარი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, თქვა ბესელიამ.
“ძალიან კარგი, კონსტუქციული შეხვედრა იყო. პარტიის თავმჯდომარეს აქვს მზაობა და დიდი სურვილი, რომ პროცესი წარიმართოს მშვიდად, ერთმანეთთან დებატების გარეშე, დაძაბულობის გარეშე. ძალიან მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, რადგან ამ პროცესის მედიაცია დღეს არ იყო ადვილი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მედიატორის, ლიდერის ფუნქცია, რომლითაც შეძლო, ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად ეთიკურად, კულტურულად და კოლექტიურად. მისი პოზიციაა, რომ მოვნახოთ კონსესუსი შიგნით”,განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, პარტიის ლიდერს აქვს სწორი პოზიცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გუნდი მოსამართლეების საკითხზე მსჯელობას ხვალ განაგრძობს.
“ჩემთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილთან საუბარი ძალიან ადვილი იყო – ასევე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ინტერესი ჰქონდა, ჩემგან რაღაც მოესმინა. სასურველია, ჩვენ შევთანხმდეთ, როგორი უნდა იყოს კრიტერიუმები. თუ ვერ შეთანხმდება პოზიციები, თავისუფლება რჩებათ ადამიანებს, რაც პრინციპულია, დარჩეს პრინციპულად – მე ვერავინ შემაცვლევინებს პოზიციას – ხმას არ მივცემ ადამიანებს, დაკავშირებულს რეჟიმთან, რომლის შეცვლისთვის ბევრი ვიბრძოლე და არც არავინ მთხოვს პოზიციის შეცვლას”,განაცხადა პოლიტიკოსმა.
რაც შეეხება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, ბესელიას ინფორმაციით, მმართველი გუნდი ამაზე მსჯელობას განაგრძობს. “დღეს ვერ დავასრულეთ საუბარი, შეიძლება, რამდენიმე დღეც კი გახდეს საჭირო, რომ შევჯერდეთ საერთო პრინციპზე. არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე. კარგი შესაძლებლობა იყო, განსხვავებული შეხედულებები გაგვეზიარებინა. მე მაქვს იგივე პოზიცია ამ სიასთან და პროცესთან დაკავშირებით”,განაცხადა ბესელიამ, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკუთარი ხედვის და პროექტის შეთავაზებას აპირებს.