მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს, საპარლამენტო უმრავლესობამ არ იცოდა მის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
“არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ და არ იყო ცნობილი უმრავლესობისთვის ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი – უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას ეს არ არის სწორი. იმიტომ, რომ სამწუხაროდ უმრავლესობის შიგნით და უმრავლესობისა და ფრაქციის შიგნით რომ არ მოხდა ამ დრომდე პროექტზე მსჯელობა, აი ეს იწვევს ასეთ მსჯელობას,”-ამბობს ეკა ბესელია.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მისივე წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის ბოლომდე.
საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა და იმ პირობებში, როცა საერთაშორისო პარტნიორების დასკვნით, მოსამართლეთა რაოდენობა სულ მცირე ასით უნდა გაიზარდოს, შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც კი გამოიწვიოს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზად არიან დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე მოამზადონ კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისი წინადადებები, რომლებიც არ გააღრმავებს სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას. ამ მიზნით კი მიმართავენ ვენეციის კომისიას, პროცესში ჩაერთოს ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე.
ცნობისათვის, პარლამენტის წევრთა კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, იუსტიციის საბჭომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება და ისინი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.
ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.