პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ამის შესახებ ბესელიამ პალიტრანიუსზე გადაცემა “360 გრადუსში” ისაუბრა.
„არ მაქვს იმედი, რომ დამნაშავეს დასჯიან, რადგან მგონია, რომ კვალი მიდის იმ ადამიანებთან, რომლებიც მე თავიდან, როგორც სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე, ისე მოვხაზე. გახსოვთ თქვენ, არ გამოვრიცხე წარსულის ძალაც, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ ეს ემთხვეოდა მწვავე კონფლიქტს სასამართლო თემაზე. მგონია, რომ მანდ მიდიოდა ეს კვალი.
პარლამენტში ლობისტები ჰყავთ. მე სახელობითად ვერავისზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე კრებსითად ინტერესთა ჯგუფს ვასახელებ. ეს ჯგუფი „კლანი“ და მასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც არიან მათ შორის პარლამენტშიც (ვერ ვამბობ ასე სახელით და გვარით, ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა) მაგრამ ვის ინტერესებშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი, მგონია, რომ კვალი იქ მიდის. რადგან ამას წინ უძღოდა ჩემთან რამდენჯერმე გამეორებული სიტყვები: გაჩერდი, გაჩუმდი! არც გავჩერდებოდი და არც გავჩუმდებოდი და ამას მოჰყვა ეს გადაწყვეტილება.
პირველად ვამბობ, რამდენიმე გვარი ვიპოვე საქმეში, ოღონდ გვარს არ დავასახელებ, რადგან ხმაურიანი გვარია და თან არ მინდა იმ ადამიანს ზიანი მივაყენო. რამდენიმე გვარია, რომელსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება აქვთ ჩადენილი, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს. მაგრამ ის ადამიანი, იმ საინტერესო გვარით,ზუსტად იმ ქმედებისთვის ჩანს, რომ საქმეში ხელშეუხებელია. მე არავის დასჯა და დაპატიმრება არ მინდა, გარდა იმისა, ვინც ეს საზიზღრობა დაგეგმა და ჩაიდინა. კითხვა გამიჩნდა: თუ ის პატარა გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები დაიჭირეს გავრცელებისთვის, ეს რატომ არის?-გვარი აქვს საინტერესო. გვარი თუ იცავს, როგორც იმუნიტეტი ამას გავარკვევ პროკურატურასთან. გვარს ახლა არ ვასახელებ, რადგან ვიღაცას ეხება, მათ შორის მარტო მამაკაცი არ არის, ქალიც არის. გვართან დაკავშირებით მეც მქონდა რეაქცია და ვუთხარი: გვარის გამო აქვს იმუნიტეტი თუ რატომ არის განსხავებულ რეჟიმში. შსს-ში მითხრეს- არ ვიცითო, პროკურატურის გადაწყვეტილებას ველოდებითო“,-განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ დაადასტურა რომ გვარი, რომელზეც მან ისაუბრა გავლენიანი და მასთან დაპირისპირებული დეპუტატის გვარს ემთხვევა.