სასამართლო კლანის წინააღმდეგ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას პოლიტიკური პარტია სამართლიანობისთვის იწყებს. ეს არის ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების პარტია, რომლის შექმნა მათ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს.
ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატები მოქალაქეებს სამომავლო გეგმებს და მიზნებს აცნობენ.
პარტიის წევრების თქმით, სამართლიანობა არის მთავარი იდეა, რომლის გარშემო მათი გუნდი ერთიანდება.
დეპუტატი, გედევან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ ახალი პარტია შეძლებს ცვლილებების მოტანას პოლიტიკურ რეალობაში.
„დღეს რუსთაველის მეტროსთანაც განვათავსეთ ჩვენი ერთი პუნქტი, სადაც ხელმოწერების შეგროვება იქნება შესაძლებელი. მაქსიმალურად ვაპირებთ შეხვედრებს მოქალაქეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს დღეს ხელისუფლება, რომ საზოგადოება იყოს ნიჰილისტურად განწყობილი, არანაირი იმედი არ ჰქონდეთ პოლიტიკური ცვლილებების. ეს, სხვათა შორის, მთაწმინდის არჩევნებზე იგრძნობა, რომ ხალხს, რაღაცნაირად იმედი დაკარგული აქვს იმისი, რომ რაიმე ცვლილებები შეიძლება, მოხდეს. ჩვენ შევძლებთ იმ ტალღის აწევას, რომელიც რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც დღეს შექმნა ქართულმა ოცნებამ და რომელიც, ჩემი აზრით, ამ ქვეყნის მომავლისთვის საზიანოა,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.