ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე მოზარდი დააკავეს

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა  განაცხადა. მეზვრიშვილის განმარტებით, დაკავებული პირი არასრულწლოვანია. სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელების შემკვეთი არ იკვეთება,თუმცა გამოძიება გრძელდება.

„ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დავაკავეთ უკვე, მოზარდია დაკავებული. სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია აღიარებს ამ ქმედებს. ინტერესი არანაირი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა. ატვირთა იუთუბზე, ამ ეტაპზე ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები  ინტერნეტსივრცეში კვლავ  გავრცელდა. გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო და მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.ამ საკითხთან დაკავშირებით იგი დაკითხვაზე იმყოფება.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ასევე აღმოაჩინა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.