ბიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალი მზადაა საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალი მზადაა საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გარკვეული პირობით და ერთ-ერთი მათგანი თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერაა. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა მზად საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის, ბიბილოვი ამბობს, რომ საქართველომ ჯერ პოლიტიკა უნდა შეცვალოს სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან მიმართებაში.

“მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, ან თუნდაც შუამავლების მეშვეობით მოხდეს ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ შუამავალი რუსეთი იყოს. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს. საუბარია ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმზე. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართულ მხარეს ვალდებულება ექნება აღებული მემორანდუმით და არ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ვიდრე ეს არ მოხდება, სალაპარაკო არაფერი გვაქვს”, – განაცხადა ბიბილოვმა.