“ბიბლიურმა თავისუფლებამ” თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე “ანათემას” გადასცა

გირჩის რელიგიურმა ორგანიზაციამ “ბიბლიურმა თავისუფლებამ” თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე “ანათემას” გადასცა. “ანათემის” ტექსტს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ.

ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.

სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ.

ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ.

ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.

იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს.

Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ.

ბახტაძეს მართლა ემართეთ.

ბიძინას მიეტოვებინეთ.

სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად Tamaz Akhobadze დაგხვედროდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,”- წერია რელიგიური ორგანიზაციის სახელით ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში.

რელიგიური ორგანიზაცია გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს და მისი სრული სახელწოდებაა საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება.