საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელი არ მოაწერა.
„კითხვები შეეხო „საქართველოს ფოსტაში“ ჩემს საქმიანობას, კერძოდ, ეს ეხება „საქართველოს ფოსტის“ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ხდებოდა ფოსტის კუთვნილებაში ქონების აუქციონის წესით ყიდვა. აუქციონს ატარებდა სახელმწიფო და ფოსტაში ხდებოდა აუქციონზე შესატანი ობიექტების სიის მომზადება. კითხვები იყო ამ პროცესის ირგვლივ – როგორ ხდებოდა ამ ობიექტების შეფასება, რასაც აუდიტი ახდენდა, რომელთანაც კომპანიას ჰქონდა ხელშეკრულება. ასევე, როგორ ხდებოდა ფასების ცვლილებები და ა.შ. თანხის გაფლანგვაზე კითხვები, ასეთი რამ არ ყოფილა, არც ბრალდების მაგვარი. ეს იყო გამოკითხვა, ვიყავი მოწმის სტატუსით, დოკუმენტი უნდა შეიქმნას, ანუ გამოკითხვის ოქმი. რომ წავიკითხე, ჩემი უფლება იყო, შესწორებების შეტანა, დამატებები, შეიძლება დამჭირდეს, რომ იყოს გამართული ბოლომდე ჩემი აზრი, რაც გადავეცი. უნდა მოვიფიქრო, თუ რა შესწორებებს შევიტან. ამ ოქმზე ხელი არ მომიწერია. ვთვლი, რომ შინაარსი აისახა ამ ოქმში, მაგრამ ჩემი აზრი არ არის ასახული ისე, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება, ანუ გასასწორებელია. რომ წავიკითხე, არ მომეწონა აზრობრივად და მინდა, უფრო გამართული იყოს და ყველასთვის ნათელი, არ დარჩეს ლავირების საშუალება“, – განაცხადა გეგიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბიძინა გეგიძეს მოწმის სახით კითხავდნენ, საქმე კი 2014-2016 წლებში მის „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობას ეხება. ბიძინა გეგიძე სუს-ში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა.